საქართველოს ნაკრების მეტოქე - ბარდის ყალბი მართვის მოწმობისთვის პირობითი სასჯელი აკმარეს #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების წევრი ენის ბარდი უსიამოვნო ისტორიის გმირი გახდა – ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის ფეხბურთელს ესპანეთში მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვისთვის 4-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.
ლა ლიგის „ლევანტეს“ ბალკანელი ნახევარმცველი პოლიციამ გასული წლის აპრილში დააკავა, რის შემდეგაც მართვის მოწმობა ჩინოვნიკებს გადასცეს. ერთ-ერთი მათგანი კი თავიდანვე დაეჭვდა, რომ ბარდიმ ყალბი საბუთი წარმოადგინა.
„ლევანტეს“ ჩრდილომაკედონიელმა ნახევარმცველმა მედიაში გააკეთა განცხადება, რომ მართვის მოწმობა კანონიერად იყო გაცემული. მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავეა და თუ დანაშაულს მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაიმეორებს, ოთხთვიანი პატიმრობა ემუქრება.
ბარდის ლა ლიგის „ლევანტესთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ ის ვალენსიურ კლუბს დატოვებს. მისი გადაბირებისთვის ზამთარს რამდენიმე კლუბი იბრძოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მან „ლევანტეში“ დარჩენა გადაწყვიტა.