გამოცემა „სპორტის“ შემდეგ, ჯაბა კანკავა ყაზახეთის 2020 წლის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში ყაზახეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამაც დაასახელა – ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
ვებ-გვერდმა სეზონის სიმბოლური გუნდი ანალიტიკური პროგრამის, „ინსტატ ინდექსის“ მონაცემების ანალიზის საფუძველზე წარადგინა. საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის „ტობოლის“ ლიდერი საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად აღიარეს.
„ჯაბა კანკავა – „ტობოლის“ ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ თავისი რეპუტაცია დაადასტურა და ყაზახეთში მორიგი სეზონი ხარისხიანად ჩაატარა. ჯაბა საუკეთესო იყო პრესინგის და ართმევების ინტენსივობის მხრივ. ის უდიდეს „შავ სამუშაოს“ ასრულებდა და ახალგაზრდებისთვის ნამდვილ მაგალითს წარმოადგენს. კანკავამ მოიგო ინდივიდუალური ბრძოლების 62% და ანგარიშზე 54 ართმევა ჩაიწერა. ამ მაჩვენებლით ის ლიგის ტოპ-3 მოთამაშეთა შორის შევიდა. მან სეზონში ერთი გოლი გაიტანა. ტურის სიმბოლურ გუნდში 3-ჯერ მოხვდა. მისი მოქმედებათა ინდექსი 265 ქულაა“, – წერია ყაზახეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ კანკავა ყაზახეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში 3-ჯერ დაასახელა, „ინსტატ ინდექსის“ (სასარგებლო მოქმედებების ჯამური ქულა) მონაცემებით კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა შორის „კაირატის“ მარცხენა მცველ გაფურჟან სუიუმბაევთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. საუკეთესო მოთამაშე ალმათის „ყაირატის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვაგნერ ლავი გახდა, რომელმაც ქართველს მხოლოდ ერთი ქულით გაასწრო (266).