საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უეფა-ს მწვრთნელთა ლიცენზიის კურსი გაიარეს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი დაიწყო, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ მასში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატისა და საკვალფიკაციო ეტაპის მატჩები ითამაშეს.
კურსის პირველი მოდული საგურამოში, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩატარდა და მას ნაკრების თითქმის ყველა წევრი დაესწრო – გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ჯიმი ტაბიძე, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი (რომელიც ტრავმის გამო საქართველოშია), სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.
კურსისთვის საგანგებოდაა შემუშავებული პროგრამა, რომლის საფუძველზე მსმენელებს საშუალება ეძლევათ, C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფა-ს A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ. კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის მონაწილეებს გამოცდილება უეფა-ს ექსპერტებმა და Jira Panel-ის წევრებმა, კრის ვან დერ ჰაგენმა და გენადი სკურტულმა გაუზიარეს, ასევე ესწრებოდა უეფა-ს ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი.
კურსის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის პირველმა-ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ მონაწილეებს წარმატება უსურვეს.