საქართველოს ნაკრების ბომბარდირები - 14 წელია, შოთა არველაძეს ვერავინ გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებს ახლა თავდასხმაში ისე უჭირს, როგორ არასოდეს. შედეგიანობა ძალიან დაბალია. თამაშები პირველი წუთიდან ბოლომდე ისე მიილევა, თავდამსხმელების უმრავლესობას გოლი ვერ გააქვს.

გავიხსენოთ ჩვენი ნაკრების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები. 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შოთა არველაძემ კარიერა დაასრულა, მაგრამ მის რეკორდს ჯერ ვერავინ შეწვდა. შოთა ნაკრებში 1992–2007 წლებში თამაშობდა და 15 წლის განმავლობაში 26 გოლი 60 მატჩში გაიტანა, რაც საშუალოდ თამაშში 0.43 გოლია.

მეორე ადგილზე თემურ ქეცბაიაა, რომელმაც საშუალოდ თამაშში გატანილი გოლების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან 1990–2003 წლებში 52 მატჩში 17 ბურთი გაიტანა, რაც თამაშში საშუალოდ 0,33 გოლია.

მესამე ადგილზეა ალექსანდრე იაშვილი – რომელმაც 1996–2011 წლებში 67 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 15 გოლი (საშუალოდ 0,22) ჩაიწერა.

2007 წელი. შოთა არველაძის გოლი შოტლანდიის ნაკრების კარში gettiymages.com

ახლა ბომბარდირები საშუალოდ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით დავალაგოთ. შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია აქაც პირველ-მეორე ადგილებზე არიან. სამაგიეროდ, მესამეზე მოხვდა დავით სირაძე, რომელმაც ნაკრებში მხოლოდ 7 წელი (2004–2011) ითამაშა და 28 მატჩში 8 გოლით, ანუ საშუალოდ, მატჩში 0,29 გოლი გაჰქონდა.

აქ მაჩვენებლად ნაკრებში მინიმუმ 10 მატჩი ავიღეთ, თორემ საუკეთესო შედეგი გიორგი არაბიძეს და ზაზა ჯანაშიას აქვთ. ჯანაშია – 4 გოლი 9 მატჩში (0,44). არაბიძეზე ქვემოთ წაიკითხავთ.

ახალ თაობაში საშუალოდ მატჩში გატანილი გოლებით საუკეთესო შედეგი გიორგი არაბიძეს აქვს, რომელმაც 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა (საშუალოდ მატჩში 0,75). მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატრა, ეს უდავოდ დასაფასებელი შედეგია.