საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10-44 დამარცხდა (ფოტოამბავი)
საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10-44 დამარცხდა (ფოტოამბავი)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა სარაგბო მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდებს შორის.

თამაში სტუმრების აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე, ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად, ანგარიში 0-3 გახდა. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე, შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

ქართველი მორაგბეები მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ, მეტოქის ნახევარზე მოახერხეს თამაშის გადატანა და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს.

თუმცა, ანგარიში 32-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის უფლება მიიღო და სოსო მატიაშვილმა ბორჯღალოსნებს პირველი სამი ქულა მოუტანა – 3-20.

ტაიმის მიწურულს შოტლანდიელებმა ერთი ჯარიმაც გაიტანეს და პირველი ნახევარი 3-23 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში, მატჩის 47-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა 58-ეზე უპასუხეს თავიანთი ლელოთი და ანგარიში 10-30 გახდა.

ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა ანგარიშის გაზრდა კიდევ ორჯერ, 62-ე და 72-ე წუთებზე მოახერხეს და ანგარიში 10-44 გახდა.

მატჩის ბოლო წუთები ბორჯღალოსნებმა შეტევაში გაატარეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ 10-44 შოტლანდიის სასარგებლოდ.