საქართველოს ნაკრები შოტლანდიაშია - კვარაცხელიას ფანები გლაზგოშიც დახვდნენ #1TVSPORT
18 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსიდან გლაზგოში ჩაფრინდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას ჯგუფის ლიდერის, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ვილი სანიოლის გუნდი შოტლანდიაში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. აეროპორტში ქართველი ფეხბურთელები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. განსაკუთრებული ინტერესი კი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გამოავლინეს – შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა მას ავტოგრაფები ჩამოართვეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების გეგმებს – 19 ივნისს ვილი სანიოლი გუნდს „ჰემპდენ პარკზე“ ავარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი ფრანგი სპეციალისტის პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ნაკრებში ემზადება ის ხუთეული, რომელმაც ევრო 2023-ზე ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა ითამაშოს – გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).
ხუთივე მათგანი შოტლანდიასთან მატჩისთვის ემზადება, რამაზ სვანაძის გუნდს კი 21 ივნისს შეუერთდებიან და, სავარაუდოდ, 24 ივნისს ბელგიასთან მეორე ტურის შეხვედრაში ითამაშებენ.