საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება - ფინალი 17 მარტს პარიზში გაიმართება #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა – მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 33:30 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 20:13 მოიგეს – ესპანელების ორ გარდასახულ ლელოსა და ორი ზუსტ ჯარიმას პორტუგალიელებმა ერთი ლელოთი და ორი ჯარიმით უპასუხეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანეთმა ჯარიმა გაიტანა და კიდევ უფრო დაწინაურდა, მაგრამ მატჩის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა – პორტუგალიამ შვიდწუთიან მონაკვეთში ორი ლელოს დადება შეძლო, რასაც ორი ზუსტი ჯარიმაც მიამატა და საბოლოოდ გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის 17 მარტს, პარიზში გაიმართება და 23:55 საათზე დაიწყება.