საქართველოს ნაკრებმა პოდგორიცაში მონტენეგრო დამაჯერებლად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრების წინ საკონტროლო მატჩი პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებთან გამართა. „ჯვაროსნებმა“ მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და 3:1 გაიმარჯვეს.

 

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომელიც 26 მარტს საბერძნეთთან ათამაშა, ორი ცვლილება განახორციელა. საბა კვირკველიას ნაცვლად, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს, შემადგენლობაში გიორგი გველესიანი გამოჩნდა, ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე ლიგა 1-ის გამორჩეულმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ ჩაანაცვლა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შესანიშნავად ჩაატარა და უამრავი საგოლე მომენტი შექმნა… მე-10 წუთზე ჯერ გიორგი მიქაუტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი არც გიორგი გველესიანს გაატანინა. მაგრამ ამას მოჰყვა კუთხური, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძემ მოაწოდა, გველესიანმა ბურთს მიმართულება შეუცვალა, კარის წინ კი ოთარ კიტეიშვილი გაიხსნა და ახლოდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.

 

მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის და უპირატესობის გაზრდის რეალური შანსი მიეცა. გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ხვიჩა კვარაცხელია დატოვა, მაგრამ ფეხებში მცველი ჩაუვარდა და მასპინძლები აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

34-ე წუთზე ჩვენებმა მეორე მაინც გაიტანეს – კვარაცხელიამ შესანიშნავი გადაცემით მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და „მეცის“ თავდამსხმელმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

შესვენების შემდეგ მონტენეგროს შემადგენლობაში სტევან იოვეტიჩი გამოჩნდა და მასპინძლებმა უფრო დიდი ძალებით შეუტიეს. თუმცა რეალური საგოლე მომენტი ჩვენებმა შექმნეს – 55-ე წუთზე, კვარაცხელია ორ მცველს გაექცა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ამჯერადაც ვერ გაიტანა. იოვეტიჩმა კი 66-ე წუთზე სტეფან მუგოსას „კედელი“ გაუთამაშა და საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირა.

„ჯვაროსნებს“ ორბურთიანი სხვაობის აღდგენის რეალური შანსი 70-ე წუთზე მიეცათ – შეცვლაზე შესულმა სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ მიქაუტაძე დატოვა, მაგრამ ჟორჟს დუბლის შესრულებაში ხელი მასპინძლების მეკარემ შეუშალა.

თუმცა 84-ე წუთზე ქართველებმა მაინც გაიტანეს – შეტევა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა განავითარეს, ყველაფერი კი ანზორ მექვაბიშვილის შესანიშნავი გადაცემით დაიწყო, ორ მცველს შორის შეტევა გაუგრძელა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც საჯარიმოში შეძვრა და მცველმა წააქცია, მაგრამ ბურთი ბუდუ ზივზივაძეს კარის წინ მიუგორდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თავისი მერვე გოლი გაიტანა – 3:1 ქართველთა სასარგებლოდ.

მონტენეგრო – საქართველო 1:3

ამხანაგური მატჩი. 9 ივნისი. სტადიონი „პოდ გორიცომ“

გოლები: 0:1 კიტეიშვილი (13. გველესიანის პასით), 0:2 მიქაუტაძე (34. კვარაცხელიას პასით), 1:2 იოვეტიჩი (66. მუგოსას პასით), 1:3 ზივზივაძე (84. დავითაშვილის პასით)

საქართველოს ნაკრები: მამარდაშვილი – კაშია, დვალი, გველესიანი – კაკაბაძე, შენგელია – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე.