საქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - ქოჩორაშვილი გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება 1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები საგურამოშია და ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
შეკრების მეორე დღეს ვილი საინოლის გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული მოთამაშეებიდან, გიორგი ქოჩორაშვილის გარდა, ყველა ადგილზეა. გიორგიმ 2 სექტემბერს „ლევანტეში“ ითამაშა და საქართველოს ნაკრებს 4 სექტემბერს შეუერთდება.
3 სექტემებერს ნაკრებს შეუერთდნენ: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა გადრანი („ქაირათი“, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“ მახაჩყალა, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ).
სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის წინა გათამაშებაში C დივიზიონში მონაწილეობდნენ და B ლიგაში ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით დაწინაურდნენ.