საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებში პირველად მიიღებს მონაწილეობას
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების (FIA Motorsport Games 2019) მასპინძელი ქვეყანა წელს იტალია იქნება. ჩრდილოეთ რომში, ვალელუნგას ავტოდრომზე შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით სხვადასხვა დისციპლინაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ავტომრბოლელები დაუპირსპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველოს ნაკრები ექვსიდან სამ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას: Digital CUP, Karting Slalom CUP და Drifting CUP;
Drifting CUP – სახეობაში საქართველოს ღირსებას მევლუდ მელაძე დაიცავს. მას ამ კატეგორიაში მსოფლიოს 7 ქვეყნის (დანია, შვეიცარია, საფრანგეთი, პორტუგალია, რუსეთი, ლატვია, ჩეხეთი) ავტომრბოლელებთან მოუწევს დაპირისპირება.
Karting Slalom CUP-ში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ქვეყნის სახელით ლიზი ბაგრამოვა და ნიკოლოზ გობოსნიძე იასპარეზებენ. ჩვენი ახალგაზრდები 16 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეჯიბრებიან (ალბანეთი, ავსტრია, ბელორუსია, ხორვატია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, ტაილანდი, უკრაინა).
Digital CUP- სახეობაში კი საქართველოს სახელით მონაწილეობას არჩილ ციმაკურიძე მიიღებს.
საქართველოს ნაკრები იტალიაში საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიემგზავრება. ნაკრების მგზავრობის ხარჯებს თბილისის მერია გაიღებს, ხოლო მონაწილეებს ფორმებითა და დაზღვევით სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ უზრუნველყოფს.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) 1904 წლიდან არსებობს და მსოფლიო მასშტაბით 240 პარტნიორ ფედერაციასთან თანამშრომლობს. მისი ძირითადი მიმართულებაა მსოფლიო მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების კონტროლი და საავტომობილო სპორტის მართვა. FIA Motorsport Games 2018 წელს დაარსდა. ამავე წელს გამართულ ჩემპონატში, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომზე წარმატებით ჩატარდა, პირველი ადგილის მფლობელი თურქეთის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი, ხოლო მესამე ადგილზე დანიის ნაკრები გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 2-დღიანი ღონისძიება მხოლოდ ერთ დისციპლინას – GT CUP-ს მოიცავდა.