საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ თამაშს ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ რიგაში ჩაატარებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ თამაშს ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ რიგაში ჩაატარებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება. მატჩი რიგაში, „არენა რიგაზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ილიას ზუროსის გუნდმა იაპონიისკენ მიმავალ გზაზე ორი საკონტროლო თამაში უკვე ჩაატარა. იტალიაში ჩვენი გუნდი ეგვიპტესთან – 76:81, ხოლო კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 დამარცხდა. აფრიკული ქვეყნის გუნდთან თამაშის ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრების ბერძენმა სპეციალისტმა ახალგაზრდები გამოსცადა, ხოლო ლიეტუვასთან ქართველები უდიდეს გმირობასთან იყვნენ ახლოს. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ზუროსის კრებული 17 ქულით მარცხდებოდა და საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უკანასკნელ წამზე ტომას დიმსას ორქულიანით თამაში დათმო.

საქართველოსა და ლატვიის საკალათბურთო ნაკრებების ისტორია სათავეს 1997 წლიდან იღებს. ამ დროის მანძილზე ცხრა შეხვედრა შედგა, საიდანაც ექვსჯერ გავიმარჯვეთ, ხოლო სამჯერ დავმარცხდით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ამხანაგურ დაპირისპირებას უშუალოდ ლატვიელებთან ქართველები ზედიზედ ოთხი მოგებული მატჩით ხვდებიან. 2012 წელს, ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ეტაპზე ბალტიისპირელების დამარცხება იგორ კოკოშკოვის გუნდმა ორჯერ მოახერხა (79:76 და 73:70). შემდეგ იყო ორი საკონტროლო მატჩი. 2015 წელს თბილისში, კვლავ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველომ ლატვია 79:76 დაამარცხა, ხოლო 2017 წელს, უკვე ილიას ზუროსის მწვრთნელობისას, კლაიპედაში – 73:69.

ლატვიელებიც (28-ე FIBA-ს რეიტინგში) აქტიურად ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის და, ბევრი სპეციალისტის აზრით, მათ მუნდიალზე, შესაძლოა, სიურპრიზიც კი შესთავაზონ მაყურებლებს. ლუკა ბანკიმ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა: გუნდის ლიდერი კრისტაფს პორჟინგისია („ბოსტონი“). ბალტიისპირელები ასევე დიდ იმედს ამყარებენ დევის ბერტანსზე, რომელიც წელს „ოკლაჰომაში“ გადავიდა. ბანკის გუნდმა 2 აგვისტოს შვედეთი 87:77 დაამარცხა. საქართველოსთან მატჩის შემდეგ ისინი ამხანაგურად კიდევ ოთხჯერ ითამაშებენ. მუნდიალზე ლატვია ჯგუფის შეხვედრებს ინდონეზიაში გამართავს, მისი მეტოქეები იქნებიან ლიბანის, საფრანგეთისა და კანადის ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები (32-ე FIBA-ს რეიტინგში) ლატვიასთან მატჩის შემდეგ თბილისისკენ აიღებს გეზს და 12-13 აგვისტოს ჩასატარებელი თბილისის საერთაშორისო ტურნირისთვის დაიწყებს მზადებას. 12-ში ზუროსის გუნდი იორდანიას შეხვდება, 13-ში ამ ტურნირზე ან ფინალს ითამაშებს, ან მესამე ადგილისთვის მატჩს, შესაბამისად, ჩვენი გუნდის მეტოქე მონტენეგროსა და ირანის ნაკრებებიდან ერთ-ერთი იქნება. 14 აგვისტოს „ჯვაროსნებს“ ელით დახურული დაპირისპირება ირანთან. 22 აგვისტოს მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით თამაშს ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ავსტრალიასთან იაპონიაში ჩაატარებს.

ისტორიაში თავისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო F ჯგუფშია კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად. მატჩებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.