საქართველოს ნაკრები ისლანდიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადამწყვეტ მატჩს მართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ისლანდიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადამწყვეტ მატჩს მართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ისლანდიას ეთამაშება. მატჩი რეიკიავიკში თბილისის დროით 23:25 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

საქართველო

ჩვენი გუნდი კუნძულზე საბრძოლო შემადგენლობით შეიკრიბა. ისლანდიაში ჩაფრინდნენ ესპანეთის ჩემპიონატის მოთამაშეები – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი. თბილისიდან სხვა წევრებთან ერთად ჩავიდნენ გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე.

10 ნოემბერს კი რეიკიავიკში საქართველოს ნაკრებს შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 9 ნოემბერს ევროლიგაზე „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა.

საქართველოს ნაკრებმა სწორედ ამ შემადგენლობით დაამარცხა ესპანეთი (4 ივლისს), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ისლანდიაში გამარჯვება გარანტირებული აქვს.

 

ისლანდია

ჩვენი მეტოქე კარგად შეთამაშებული, „კერკეტი“ გუნდია, რომელმაც ამ შესარჩევზე იტალიაც დაამარცხა და სადღეისოდ საქართველოს ნაკრებზე მეტი მოგება აქვს – 4. ჩვენი გუნდი 3 გამარჯვებითაა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აუცილებლად სჭირდება ისლანდიის დამარცხება, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილს ამჟამად სწორედ ისლანდიელები იკავებენ. პირველ-მეორე ადგილებზე იტალია-ესპანეთი არიან.

 

მოთამაშეთა კლასის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ნამდვილად აქვს. ისლანდიას სამი გამორჩეული ლიდერი ჰყავს: ორი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ერთიც ლიეტუვის „რიტასში“. ეს უკანასკნელია ელვარ ფრიდრიკსონი.

ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ „სარაგოსაში“ ასპარეზობს ტრიგვი ჰლინასონი. რაც შეეხება ვალენსიელ მარტინ ჰერმანსონს, ის ისლანდიის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობაში არ შეიყვანა. მარტინს ტრავმა აქვს.

 

ისტორია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისლანდიას ისტორიაში ორჯერ დაუპირისპირდა – 2006 და 2007 წლებში. ეს იყო B დივიზიონის მატჩები, როდესაც საქართველო ელიტაში მოხვედრისთვის იბრძოდა.

2006 წელს საქართველომ ისლანდია 80:65 დაამარცხა. ფაჩულიამ 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ცქიტიშვილმა 15 ქულა და 9 მოხსნა, ვლადიმერ ბოისამ 16 ქულა და 7 მოხსნა.

განმეორებითი მატჩისთვის, 2007 წელს მწვრთნელმა კენ შილდსმა ნიკოლოზ ცქიტიშვილი არ წაიყვანა, პირველივე მეოთხედში კოჭი გადაუბრუნდა ვიქტორ სანიკიძეს და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. საქართველოს ნაკრები 75:76 დამარცხდა და ჯგუფიდან ვეღარ გავიდა.

„ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ყველაზე მწარე წაგება ისლანდიაში იყო. მატჩის ბოლო წუთები ისე წარიმართა, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. წარმოუდგენელი თამაში წავაგეთ“, – იხსენებს ზაზა ფაჩულია.

დღევანდელი ნაკრებიდან იმ მატჩში მონაწილეობას იღებდა გიორგი ცინცაძე, რომელსაც სხვებთან ერთად კარგად ესმის, რას ნიშნავდა 2007 წელს წაგება და რას ნიშნავს დღეს ისლანდიაში გამარჯვება…