საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეს დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში გაიმარჯვა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც C დივიზიონის დანარჩენი ჯგუფების გამარჯვებულებს უნდა ეთამაშათ – თურქეთს, საბერძნეთსა და ყაზახეთს. მაშინ გუნდები ქულების მიხედვით დაწყვილდნენ: საუკეთესო მაჩვენებლით საქართველო (16 ქულა) უარესს, ყაზახეთს (13 ქულა) უნდა შეხვედროდა, ხოლო მე-2 საუკეთესო საბერძნეთი (15) – მესამეადგილოსან თურქეთს (13).
თურქეთმა ევრო 2024-ის საგზური ტრადიციული შესარჩევი ციკლით მოიპოვა და ამან ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ვითარება შეცვალა. პლეი ოფში მისი ადგილი ჯგუფის (სადაც თურქეთი გამოდიოდა) მეორეადგილოსანმა ლუქსემბურგმა დაიკავა, მაგრამ ლუქსემბურგი 11 ქულით ყაზახეთის (13 ქულა) შემდეგ, მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა.
საბოლოოდ, წყვილები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დღევანდელი მატჩების შემდეგ გაირკვა. ყაზახეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფში 18 ქულით მესამე ადგილზე იყო, ბოლო ტურამდე ჰქონდა შანსი, სლოვენიისთვის (19) გადაესწრო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ტრადიციული შესარჩევი ციკლით მოხვედრილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა – ყაზახეთმა სლოვენიასთან 1:2 წააგო და პლეი ოფის ნახევარფინალში საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო საქართველო 21 მარტს ლუქსემბურგს მიიღებს.
ევრო 2024-ის პლეი ოფის თამაშების კალენდარი:
ნახევარფინალები, 2024 წლის 21 მარტი
საქართველო – ლუქსემბურგი
საბერძნეთი – ყაზახეთი
ფინალი, 2024 წლის 26 მარტი
ნახევარფინალის გამარჯვებულები (მასპინძელი წილისყრით გაირკვევა)