საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ს გამოეთიშა - ასათიანის გუნდმა ისტორია მაინც დაწერა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის ნახევარფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ღირსეულად, ბოლო წამამდე იბრძოლა და ტურნირი თავაწეულმა დატოვა.
მეოთხედფინალში ჩვენი ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამსტერდამის „ზიგო დომე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ფუტსალის ერთ-ერთ გრანდს დიდი ბრძოლა გაუმართა.
პირველივე წამებიდან მაღალი პრესინგით რუსეთის ნაკრებმა უპირატესობას მოიპოვა, მაგრამ მომენტები საქართველოს ნაკრებმაც შექმნა, მეტოქის შეტევებს კი მეკარე ზვიად კუპატაძე ანეიტრალებდა, რომელიც საიმედოდ იდგა. საბოლოოდ, დაძაბული ტაიმი უგოლოდ 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში ტემპი რუსებმა გაზარდეს და ანგარიში გახსნეს. სწრაფი შეტევა 23-ე წუთზე არტემ ნიაზოვმა დააგვირგვინა, მაგრამ ერთ წუთში ელისანდროს გადაცემის შემდეგ ბრუნო პეტრიმ წონასწორობა აღადგინა და თამაშის მოგების იმედი დაგვიბრუნა – 1:1.
თუმცა საკადრო პრობლემებისა და მოთამაშეთა სიმცირის გამო, ჩვენს ნაკრებს დაღლა დაეტყო და რუსები ისევ დაწინაურდნენ. სტანდარტის გათამაშების შემდეგ ჩვენი კარი 28-ე წუთზე ივან ჩიშკალამ აიღო – 1:2. საქართველოს ნაკრებს ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრების ორი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ სებისკევერაძისა და ბრუნო პეტრის დარტყმის შემდეგ რუსეთის ნაკრები მეკარემ გადაარჩინა, ჩიშკალამ კი მეკარის შეცვლით ისარგებლა, საკუთარი ნახევრიდან დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს ნაკრებმა ღირსეულ ბრძოლაში ევროპის წინა ჩეპიონატის მესამეადგილოსანთან მატჩი 1:3 დათმო.
შეხვედრა რუსებმა მოიგეს, მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტურნირი თავაწეულმა დატოვა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა და ამის გათვალისწინებით, მშვენივრად იასპარეზა – გუნდი კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ნახევარფინალში ამ მატჩის გამარჯვებული რუსეთი უკრაინას დაუპირისპირდება.
საქართველო – რუსეთი 1:3
გოლები: 0:1 ნიაზოვი (23), 1:1 ბრუნო პეტრი (24), 1:2 ჩიშკალა (28), 1:3 ჩიშკალა (40)
03.02. 2022. ამსტერდამი. „ზიგო დომე არენა“
საქართველო: კუპატაძე – შაგინია, ვილიან ლოურენსო, რონინიო, ბრუნო პეტრი
სათადარიგოები: ბუკია, გავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი