15 ნოემბერს, შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს – ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფის ეს შეხვედრა სენტ-გალენში გაიმართება.
მატჩის შედეგი „დ“ ჯგუფის სატურნირო ცხრილზე გავლენას მოახდენს. შვეიცარია 11 ქულით მესამე ადგილზეა და 12-12 ქულის მქონე დანიასა და ირლანდიას ჩამორჩება. მაგრამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გააჩნია, რადგან ირლანდიაზე ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.
მასპინძლებმა ბოლოს ირლანდიასთან გაიმარჯვეს 2:0, კვალიფიკაციაში კი მხოლოდ დანიასთან წააგეს (0:1). თუმცა, ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა „დ“ ჯგუფში ბოლო ხუთი თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო, რამაც გუნდის ევროშანსებს საფრთხე შეუქმნა.
ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობს და ბოლო შვიდი მატჩში არ დამარცხებულა – ექვსი გამარჯვება და ერთი ფრე. ამავე დროს, ამ მატჩებში გუნდი შედეგიანად თამაშობდა და მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა, კარი კი ხუთ შემთხვევაში „მშრალად“ შეინახა.
შვეიცარიის ნაკრები შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. პეტკოვიჩის გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან ტიმ კლოზე, შერდან შაჩირი, სტივენ ცუბერი, ფაბიან შერი, ბრეელ ემბოლო, ადმირ მეჰმედი, მარიო გავრანოვიჩი და იოზიპ დრმიჩი.
ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად ჩაატარა – ვლადიმირ ვაისის გუნდმა შვიდ მატჩში საპატიო რვა ქულა მოიპოვა. მაგრამ, საქართველო ფავორიტებთან მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა – შინ დანიასთან და ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და ორჯერ გიბრალტარი დაამარცხა – 3:2.
ტრავმების გამო, ვაისის განაცხადში ვერ მოხვდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ლაშა დვალი. ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძე. საბა კვერკველია ჯანმრთელადაა, მაგრამ უთამაშებელია და ვაისმა არ გამოიძახა.
ამ შეხვედრას წერილი ინგლისურენოვანმა ინტერნეტ-პორტალმა „Soccertimes“ მიუძღვნა.
„ეს შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. გამარჯვებით ეს გუნდი ირლანდიას გაასწრებს და ევრო2020-ზე მოხვდება. საქართველო ვერ იქნება ყველაზე მკაცრი მოწინააღმდეგე. მაგრამ იოლი ნადავლიც არ უნდა იყოს. საქართველოსთვის პრობლემა ისაა, რომ ერთადერთი გუნდია, ბოლო შესარჩევ მატჩში ციკლში მხოლოდ გიბრალტარს მოუგო. დანიასთან და ირლანდიასთან გამართულმა მატჩებმა აჩვენა, რომ გუნდს გარკვეული პოტენციალი გააჩნია. თუმცა საქართველო შესარჩევ ეტაპებზე შედეგების მისაღწევად ჯერ ვერ იბრძვის“ – წერს გამოცემა.
დ ჯგუფის სატურნირო ცხრილი
1 ირლანდია 7 12
2 დანია 6 12
3 შვეიცარია 6 11
4 საქართველო 7 8
5 გიბრალტარი 6 0
სენტ-გალენში დაგეგმილი მატჩის 18 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდულია და შეხვედრა ანშლაგით ჩაივლის. შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.