საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას გიბრალტართან შეხვედრით იწყებს - პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას გიბრალტართან შეხვედრით იწყებს - პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 2 ივნისს საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგა 2022-ის პირველ შეხვედრას გამართავს. 20:00-ზე„დინამო არენაზე“ „ჯვაროსნები“ C4 ჯგუფში გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.

ახალგაზრდა ოლივეიროს გარეშე და 40 წლის ბომბარდირით

გიბრალტარი ახალ გათამაშებას C4 ლიგაში, 2 ივნისს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს, ასევე შეხვდება ბულგარეთის (5 ივნისი, სახლი) და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ჯერ სახლში (8 ივნისი), შემდეგ კი გასვლაზე (12 ივნისი).

გუნდს საქართველოს წინააღმდეგ ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, 23 წლის ჯეის ოლივერო, რომელიც დისკვალიფიცირებულია – ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ინგლისის რანგით მე-10 ლიგის კლუბ „აბინგდონ იუნაიტედში“, 2019 წლიდან გიბრალტარის „ევროპაში“ გადავიდა. მარჯვენა მცველი იმითაა ცნობილი, რომ გიბრალტარის ნაკრებში პირველად 16 წლის ასაკში მიიწვიეს, ხოლო დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. 2018 წელს გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წვერია და ნაკრებში უკვე 39 მატჩი ჩაატარა.

საუკეთესო ბომბარდირი, 40 წლის ლი კასიარო (3 გოლი) „ლინკოლნში“ თამაშობს, რომელიც კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვდა და მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა.

გიბრალტარის მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ მატჩში გამოცდილების შეძენას ისახავს მიზნად.

„საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და დიდი ტრადიციები გააჩნია. ჩვენი ბოლო შეხვედრების შემდეგ თქვენი გუნდი უფრო გაძლიერდა. ჩვენს ბირთვს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ და მათი მაქსიმალური განვითარება გვსურს. ჯგუფში თანაბარი გუნდებია და მატჩების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. საქართველოსთან რთულ მატჩს ველოდებით, ისევე როგორც სხვა ყველა გუნდთან. მთავარია, ფეხბურთელებმა საჭირო გამოცდილება მიიღონ“, – განაცხადა ხულიო რიბასმა.

ქვილითაიას და ოქრიაშვილის გარეშე

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი შეკრების დაწყებისთანავე იძულებული გახდა, ცვლილება განეხორციელებინა. გიორგი ქვილითაიას პრობლემები შეექმნა და მის ნაცვლად ავსტრალიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი ბექა მიქელთაძე დაიმატა.

მერე კი გუნდს თორნიკე ოქრიაშვილიც დააკლდა და ის ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა ჩაანაცვლა. არ იქნება ბოლოდროინდელი აღმოჩენა დავით ვოლკოვი, რომელმაც შვედეთთან და უზბეკეთთან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და კარგად ითამაშა. მაგრამ სანიოლის თქმით, ალბანეთთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა თავდაჯერებასთან დაკავშირებით.

„ერთა ლიგის ჯგუფში გიბრალტარი აუტსაიდერად მიიჩნევა. ბულგარეთს ბოლო წლებში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ისევ ძველი პოზიციის დაბრუნებას ცდილობს. ჩრდილოეთ მაკედონია კი ძლიერი გუნდია, ალბათ, ჯგუფში საუკეთესოც, ახლახანს იტალია დაამარცხა. მაგრამ ჩვენც გავიზარდეთ“, – ასე შეაფასა სანიოლმა საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები.

საქართველოს ნაკრები ივნისში ერთა ლიგაზე 4 შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს უეფა-ს ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს. 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება. გუნდი მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფა-ს ერთა ლიგაზე:

2 ივნისი, 20:00

საქართველო-გიბრალტარი

5 ივნისი, 22:45

ბულგარეთი-საქართველო

9 ივნისი, 22:45

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო

12 ივნისი, 20:00

საქართველო-ბულგარეთი

23 სექტემბერი, 20:00

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი, 22:45

გიბრალტარი-საქართველო

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2 ივნისს „დინამო არენაზე“ 20:00-ზე დაიწყება.მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.