საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა და წლის პირველი მატჩებისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა.
შეკრების მეხუთე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა მოთამაშე მონაწილეობდა.
ვარჯიშის შემდეგ ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრება, სადაც სასტუმრო „ჰილტონში“ დაბინავდება, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.
ბათუმში „ჯვაროსნები“ ორ მატჩს ჩაატარებენ – 25 მარტს მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, ხოლო 28 მარტს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას შეხვდებიან.