საქართველოს ეროვნული ნაკრები სტამბოლში კორეის რესპუბლიკის გუნდთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვარჯიშზე, რომელიც უკვე ორი დღეა ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს, 25 ფეხბურთელი გამოცხადდა.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);
ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე – ანორთოსისი, კვიპროსი), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი).
უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი).
4 სექტემბერს, მატჩის წინა დღეს ქართველი ფეხბურთელები იმ არენაზე ივარჯიშებენ (ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონი), სადაც კორეას დაუპირისპირდებიან.
ნაკრების შეკრებაზე პირველად გამოცხადდა ლევან შენგელია, რომელიც თბილისის „დინამოდან“ თურქულ „ქონიასპორში“ გადავიდა. 23 წლის ფეხბურთელი კიდევ ერთ დებიუტანტთან, ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოახლოებული ორი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
სტამბოლში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის გააგრძელებს მზადებას. კორეასთან მატჩისთვის გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავაც ემზადება, რომელიც დანიის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2020-ის ოფიციალურ შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
5 სექტემბერი, 17:30
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა – საქართველო
8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო – დანია
საქართველოს ნაკრების ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.