საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების გზაზე მესამე საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერად თბილისში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ და 96:104 დამარცხდა.

მატჩის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თქვა – შედეგს მნიშვნელობას არ ვანიჭებო. მას მართლაც ბევრი საზრუნავი აქვს საკონტროლო მატჩებში – დაცვაში თამაშის დალაგებიდან დაწყებული გუნდის შეთამაშებით დამთავრებული. ისრაელთან შეხვედრამ შესაძლოა, კიდევ მეტად დააფიქრა ჩვენი მწვრთნელი…

ვიდრე საქართველოს ნაკრების თამაშსა და ილიას ზუროსის ჩანაფიქრებზე მოგახსენებდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სპარინგ-პარტნიორი იდეალურად იყო შერჩეული: ევრობასკეტზე ყველა გუნდი საქართველოსთან სწრაფი თამაშით ეცდება უპირატესობის მოპოვებას. ისრაელი კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში დავპირისპირებულვართ.

საკუთარ ნახევარზე ბურთის მიღებისთანავე ჩვენი მეტოქე მაღალ ტემპში გადადიოდა შეტევაზე და იერიშების უმეტესობას 10-12 წამში ამთავრებდა, მაშინ, როდესაც თითოეულ გუნდს შეტევისთვის 24 წამი აქვს გამოყოფილი. სისწრაფეზე კომბინაციებიც კარგად გამოსდიოდა და სატყორცნ პოზიციაში კალათბურთელი ხშირად რჩებოდა. მეტოქემ ჯამში 12 სამქულიანი ჩააგდო.

სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი – საქართველოს ნაკრებმა დიდი მონდომების მიუხედავად ისრაელის შეტევას სათანადო დაცვა ვერ მოარგო.

შეხვედრამ დაგვანახა, რომ დაცვაზეც ბევრი გვაქვს სამუშაო და კომბინაციურ შეტევაზეც. უშუალოდ ისრაელთან კი ჩვენმა მწვრთნელმა მოთამაშეთა სხვადასხვა კომბინაცია მოსინჯა: წინა ხაზში ერთად ათამაშა შერმადინი-მამუკელაშვილი-შენგელია; ბურჯანაძე-მამუკელაშვილი; შენგელია-მამუკელაშვილი… მოთამაშეთა მონაცემების მიხედვით ყოველ ასეთ ტაქტიკურ გადაადგილებას თამაშის რიტმის თუ ხასიათის ცვლილება უნდა მოჰყვეს, თუმცა ამჯერად შედეგი ვერ მივიღეთ.

2018 წელს მამუკელაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი ითამაშა, თუმცა სათამაშო დრო მცირე ჰქონდა. მას მერე მან დიდი პროგრესი განიცადა და საქართველოს ნაკრებში მესამე მატჩი სწორედ ისრაელთან გამართა. მწვრთნელმა სანდროს გუნდთან შესათამაშებლად საკმარისი დრო მისცა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მამუკელაშვილი მეოთხე პერიოდში უფრო გაიხსნა. თუმცა ევრობასკეტამდე კიდევ უკეთ შეერწყმება ნაკრებს და დიდ სარგებელსაც მოუტანს.

12 აგვისტოს კი ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო: 26 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა.

საქართველო და ისრაელი 13 აგვისტოს კიდევ ერთ მატჩს გამართავენ, რომელიც დახურული იქნება და მისი რეპორტაჟი არ გადაიცემა.


საქართველო-ისრაელი 96:104

26:29, 22:25, 20:30, 28:20

საქართველო: ცინცაძე (2ქ, 5პ), სანაძე (15ქ), მაკფადენი (13ქ, 4პ), შენგელია (26ქ, 9პ, 6მ), შერმადინი (16ქ, 9მ, 4პ), ანდრონიკაშვილი (2ქ), მამუკელაშვილი (6ქ), ჯინჭარაძე (9ქ), ბურჯანაძე (2ქ), ბოქოლიშვილი (3ქ), ბექაური (12ქ).

ისრაელი: სორკინი (18ქ), მეკელი (3ქ, პნინი (3ქ, 7პ), მადარი (18ქ), მენკო (13ქ), კოენი (9ქ), ლევი (10ქ), ჩაჩაშვილი, გინატი (18ქ), ბლატი (6ქ, 8პ), ზოოსმანი (6ქ).