საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება.
ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
მონტენეგროს ნაკრები
ჩვენი გუნდის მეტოქის მთავარი მწვრთნელი რობერტ პროსინეცკია, კაპიტანი კი – სტევან იოვეტიჩი. ფიფა-ს მიმდინარე რეიტინგში მონტენეგრო 70-ე ადგილს იკავებს, ხოლო კლასიფიკაციაში საუკეთესო შედეგი 2011 წლის ივნისში ჰქონდა – მეთექვსმეტე ადგილი.
მონტენეგრო ერთ-ერთი ყველაზე ახალი ეროვნული ნაკრებია მსოფლიოში, რომელიც ფიფა-ს და უეფა-ს 2007 წელს შეუერთდა. ქვეყანა ფიფა-ს 208-ე წევრად მიიღეს. მონტენეგრომ პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი უნგრეთის წინააღმდეგ 2007 წლის მარტში ჩაატარა.
ურთიერთშეხვედრები
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგრო საქართველოს მეტოქე იყო. პირველი მატჩი 2009 წლის პირველ აპრილს თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართა და „ჯვაროსნებმა“ ქულა მოიპოვეს – 0:0. 2009 წლის 10 ოქტომბერს კი პოდგორიცაში მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს. ანგარიში მე-14 წუთზე რადოსლავ ბატაკმა გახსნა. 45-ე წუთზე წონასწორობა ვლადიმერ დვალიშვილმა აღადგინა, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრია. საბოლოო ანგარიში კი 78-ე წუთზე ანდრია დელიბაშიჩმა დააფიქსირა. მაშინ საქართველოს ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა. მონტენეგრომ 9 ქულით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველო ბოლო, მეექვსე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო შედეგი
მონტენეგრომ ყველაზე დიდ წარმატებებს ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში მიაღწია, სადაც მისი მეტოქეები ინგლისი, უელსი, ბულგარეთი და შვეიცარია იყვნენ. ბალკანელები ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდნენ. გუნდს ევრო 2012-ზე მოხვედრა შეეძლო, მაგრამ პლეი ოფში ჩეხეთთან 0:3 დამარცხდა.
სტადიონი
მონტენეგრო საშინაო მატჩებს პოდგორიცას საქალაქო სტადიონზე (Stadion pod Goricom) ატარებს, რომელიც 15 230 მაყურებელს იტევს.
მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო – საქართველო | 22:45
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00