საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი რუმინეთთან ტესტმატჩით დაიწყო. თბილისში, „მიხეილ მესხზე“ „ბორჯღალოსნებმა“ ტრადიციული მეტოქე 56:6 დაამარცხეს.

 


საქართველო-რუმინეთი 56:6


ლელო: აფრასიძე, შარიქაძე, ჭყოიძე, გაჩეჩილაძე, ტაბუცაძე, მატკავა, მამუკაშვილი. ლობჟანიძე

გარდასახვა: მატკავა (5)

ჯარიმა: მატკავა, აფრასიძე

ანგარიში რუმინელებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მალევე ლელო დადეს (აფრასიძე), რომელიც მატკავამ გარდასახა და „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის დარჩენილი დროც ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა, ტაიმის ბოლომდე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ორი ლელო დადეს, რასაც რუმინელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს და, საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მატჩის პირველი ნახევარი 25:6 მოიგო.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ქართველმა მორაგბეებმა კარგი, სწრაფი შეტევა გაჩეჩილაძის ლელოთი დაასრულეს და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო, ეს მისთვის „ბორჯღალოსანთა“ რიგებში 28-ე ლელო იყო და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვე გახდა.

საქართველოს ნაკრების აქტიურობის შედეგად რუმინელთა თამაში, ფაქტობრივად, მოიშალა, „ბორჯღალოსნებს“ კი საპირისპიროდ ყველაფერი გამოსდიოდათ და საბოლოოდ შეხვედრა დამსახურებულად მოიგეს – 56:6.

მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ ტესტმატჩს ჩაატარებს – 19 აგვისტოს კვლავ „მიხეილ მესხზე“ აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს, 26 აგვისტოს კი სტუმრად შოტლანდიას ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო

23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო