საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლის პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადება - გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებებია #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიასთან სტუმრად მოგების (28:17) შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და წლის პირველი საშინაო მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე განაგრძობს მზადებას – 10 თებერვალს „ბორჯღალოსნები“ „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს ისტორიაში მერვედ ეთამაშება. წინა შვიდი მატჩიდან ექვსი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ კი ნიდერლანდელებმა მოიგეს. ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 51 ლელო დადო და 324 ქულა მოაგროვა, მეტოქემ კი – 13 ლელო და 97 ქულა.
გერმანიასთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა: შეკრება დატოვეს გიორგი ქართველიშვილმა, გიორგი ჩხარტიშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ. გუნდს დაემატნენ ბურჯები – ბექა გიგაშვილი და სანდრო ქუნთელია, მესამეხაზელი ბექა გორგაძე, ცხრა ნომერი თენგიზ პერანიძე და ფრთაზე მოთამაშე ლუკა ხორბალაძე, რომელიც ნაკრების დებიუტანტია.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი („შავი ლომი“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), გიორგი ახალაძე („ბეზიე“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), ვანო კარკაძე („მონპელიე“), ირაკლი აფციაური („გრენობლი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), გრიგორ ქერდიყოშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), გიორგი კერვალიშვილი („შავი ლომი“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), ილია სპანდერაშვილი („შავი ლომი“), ბექა შვანგირაძე („ორიაკი“), ბექა გორგაძე („პო“).
ხაზი: მიხეილ ალანია („ორიაკი“), დავით ხუროშვილი („კლერმონი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი„), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), შაკო აფციაური („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), ლუკა ხორბალაძე („ლიონი“).