საქართველოს მორაგბეთა ასოციაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ასოციაციას შვიდი დამფუძნებელი ყავს, რომელის მიზანი მოთამაშეებისთვის უკეთესი სათამაშო გარემოს შექმნა, განათლების დონის ამაღლება და სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მათი გადამზადება-დასაქმებაა. ასოციაციის პრეზიდენტმა ლექსო იორდანიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა –
„მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მორაგბეთა ასოციაცია. ასეთი ორგანიზაცია ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანაში არსებობს, მოწინავე ათეულს ქვემოთ კი, საქართველო პირველია, რომელმაც მორაგბეთა ასოციაცია დააარსა. ჩვენი პირდაპირი მოვალეობა მორაგბეებზე ზრუნვა და მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მათი სოციუმში უმტკივნეულო ინტეგრაციაა. პროფესიონალ მოთამაშეებს განათლებისთვის დიდი დრო არ რჩებათ და ჩვენ მათ განათლებაზე, ასევე შემდგომ დასაქმებაზე ვიზრუნებთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს, რომელმაც ასოციაციის დაარსებაში დიდი დახმარება გაგვიწია. დღეს ჩვენსა და სრკ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ვიმედოვნებთ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“.
„მორაგბეთა ასოციაციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ –
„მორაგბეთა ასოციაციის იდეა თავად მორაგბეებიდან მოდის და ამ საკითხზე თითქმის ორი წელია საუბრები მესმის. იურიდიულად ის გასულ წელს დაარსდა და დღეს ფორმა და სახე ოფიციალურად მიიღო. მისი მნიშვნელობა განუზომლად დიდია, რადგან დღეს საქართველოში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 17 ათასს აღწევს და ბუნებრივია, კარიერის დასრულების შემდეგ, ყველა მათგანი რაგბიში ვერ დასაქმდება.
პროფესიონალური კარიერის დასრულებას უამრავი ტკივილი ახლავს და ასეთ დროს მოთამაშეებს ასოციაციის დახმარება ცხოვრების გზის პოვნაში დაეხმარება. გარდა ამისა, ასოციაცია მოთამაშეებს კლუბებთან ურთიერთობაში დაეხმარება. მინდა ავღნიშნო, რომ მორაგბეთა ასოციაცია რაგბის კავშირისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ის იმ სეგმენტებს შეეხება, რომლებსაც რაგბის კავშირი ვერ ფარავს. ჩვენ ამ წამოწყებას მთელი გულით მივესალმებით“.
პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი ვეტერანმა მორაგბემ სიმონ მაისურაძემაც გააკეთა.
„უკვე ვმუშაობთ მემორანდუმის გაფორმებაზე HR.GE-სთან და დასაქმების კუთხით კიდევ არაერთ კომპანიასთან ვმუშაობთ. თუმცა, სანამ საქმე დასაქმებაზე მიდგება, აუცილებელია მოთამაშეთა ფორმაცია და გადამზადება, ამისათვის კი საჭიროა ბავშვებს ადრეული ასაკიდან მივაწოდოთ ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო სპორტის იმედზე არ დარჩნენ და ბავშვობიდანვე დაიწყონ სწავლა. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდებს ჩავუტარებთ პრეზენტაციებს. ასევე გვაქვს მოლაპარაკება კომპანიებთან, სადაც მორაგბეები გაივლიან სტაჟირებას და საქმის ათვისების შემთხვევაში იქვე დასაქმდებიან. გვაქვს იმედი, რომ ამ კომპანიებთან მემორანდუმი უახლოეს ხანში გაფორმდება. ვამყარებთ ურთიერთობებს სხვადასხვა უნივერსიტეტეთან ურთიერთობა უნივერსიტეტთან, სადაც ჩვენი მორაგბეები უფასოდ გაივლიან სწავლების კურსებს. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებს განათლების მიღებაში კლუბებმაც გაუწიონ დახმარება. ვაპირებთ ფონდის შექმნას, რათა დავაფინანსოთ იმ მორაგბეების სწავლა, რომელთაც ამის საშუალება არ ექნებათ“. -განაცხადა სიმონ მაისურაძემ