საქართველოს მეტოქე ევრო 2024-ზე | თურქეთის ნაკრების ვუნდერკინდი ახალ სეზონშიც „რეალში“ ითამაშებს #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების ვუნდერკინდი, 19 წლის არდა გიულერი მომავალ სეზონშიც მადრიდის „რეალში“ ითამაშებს – ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.
„არდა გიულერმა სეზონი შთამბეჭდავად დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ „რეალში“ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა (440 წუთში), 6 გოლი გაიტანა. მადრიდში გიულერის ნიჭს აღიარებენ და დიდი პერსპექტივის მქონე „ბრილიანტს“ უწოდებენ, რომელიც „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებს დიდ სიხარულს მოუტანს.
მადრიდის „რეალი“ გიულერის განვითარებას ფრთხილად უდგება და მიაჩნიათ, რომ ეს მისი გრძელვადიანი ზრდისთვის იქნება სასარგებლო, განსაკუთრებით არდას ასაკის (19) გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ გიულერის მომავალი ნათელია, შეიძლება, ახალ სეზონში კილიან მბაპეს მოსვლის შემდეგ „რეალში“ შეზღუდული დრო დაუთმონ.
გიულერი ზაფხულში ევრო 2024-ზე შესანიშნავ ფორმაში გაემგზავრება და სავარაუდოდ, თურქეთს ვარსკვლავური მოთამაშის სტატუსით წარადგენს. 19 წლის ფეხბურთელს შეუძლია თავისი სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაზარდოს, თუ ტურნირზე კარგად ითამაშებს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას თურქეთთან 18 ივნისს ჩაატარებს. მატჩი დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.