საგარეჯოს „გარეჯი 1960“-მა ლიგა 3-ის მე-17 ტურში სტუმრად ტყიბულის „მეშახტე“ 2:0 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა.
„გარეჯი 1960“-ის ერთადერთი კონკურენტი ფოთის „კოლხეთი 1913“ იყო, რომელმაც ბოლო ტურში ხობში აუტსაიდერ „კოლხეთთან“ 0:2 წააგო, 38 ქულის ამარა დარჩა და საგარეჯოელების დაწევის შანსი დაკარგა – „გარეჯი 1960“-მა 43 ქულა დააგროვა.
საგარეჯოს გუნდმა ლიგა 3-ში სეზონი მშვენივრად ჩაატარა და ლიგა 2-ის საგზური დამსახურებულად გაინაღდა. კახელები შარშან ლიგა 4-დან დაწინაურდნენ, პლუს, საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდნენ, ახლა კი რანგით მაღალ ლიგაში ითამაშებენ.
„გარეჯი 1960“ კონკურენტ ფოთის „კოლხეთთან“ ორივე შეხვედრას აგებდა, მაგრამ ფაქტობრივად, წაგებული თამაშები ორივეჯერ შემოატრიალა – მეტოქე ანგარიშით 4:3 და 5:4 დაამარცხა.
„გარეჯის“ პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი ლაზარე დათუნაშვილია, გუნდის მთავარი მწვრთნელი – „ვიტ ჯორჯიას“ ყოფილი კაპიტანი თენგიზ კობიაშვილი. ის რამდენიმე წლის წინ „ვიტ ჯორჯიას“ დუბლებში მუშაობდა, შემდეგ მთავარი „ვიტ ჯორჯია“ ჩაიბარა, 2018 წლიდან კი ქობულეთის „შუქურას“ წვრთნიდა, ხოლო საგარეჯოს კლუბში წელს მივიდა. კობიაშვილის თანაშემწეც ყოფილი „ვიტჯორჯიელია“ – დავით დიღმელაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეული ნახევარმცველი იყო.
აქვე ვიტყვით, რომ ლიგიდან ტყიბულის „მეშახტე“ გავარდა, რომელმაც მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე მყოფ ხობის „კოლხეთს“ (13) ვეღარ დაეწევა.