საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებსაც წაუგებელი სერია აქვს #1TVSPORT
საქართველოს კიბერნაკრებმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და წაუგებლად იასპარეზა. გუნდმა სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა.
ეს მატჩები ჩვენმა გუნდმა FIFA 23-ში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში გამართა. საქართველომ სლოვაკეთის, კვიპროსისა და საბერძნეთის ნაკრებებს მოუგო, ისლანდიასთან კი ფრედ ითამაშა. ჩვენი გუნდის ღირსებას ლადო ონიანი, ნიკა ასათაშვილი, გიორგი გოგოლი და ნიკუშა ხევიაშვილი იცავენ.
დღეს ჩვენმა ბიჭებმა ორი მატჩი ჩაატარეს – კვიპროსთან 4:3 მოგეს, ხოლო საბერძნეთთან – 2:1 (1:0; 1:3; 3:2). აღსანიშნავია საბერძნეთთან საოცარი ქამბექი, სადაც ჩვენი ნაკრები 0:2 აგებდა და მატჩის გამარჯვება ბოლო წუთზე შეძლო. საბერძნეთის გუნდი ჩვენს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში იმყოფება, ჯგუფური ეტაპი კი დეკემბერში დაიწყება.
საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრები ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ჯგუფში შვეიცარიის, ბელგიის, უკრაინისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპი 15-16 დეკემბერში დაიწყება. ტურნირამდე ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.
საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრები ერთი წლის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა და ზაფხულში FifaE Nations Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.