საქართველოს კალათბურთის ნაკრების ვარჯიში სერბეთთან მატჩის წინ (ფოტო)
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ სერბეთს ხვდება. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა მატჩში საქართველოს ნაკრებს ევროლიგის მოთამაშეები – თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დაემატნენ, თუმცა არის დანაკლისიც: ეროვნულ გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარება.
ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ივნისიდან ემზადება. საქართველოს ნაკრები სპარინგ – მატჩების გასამართად პრაღაში იმყოფებოდა, სადაც 22 დ 23 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში 4 მატჩიდან 1 გამარჯვება აქვს. ჯგუფში მყოფი 4 ნაკრებიდან – გერმანია, სერბეთი, საქართველო, ავსტრია – მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრებს სამეულში მოხვედრის რეალური შანსი აქვს, თუმცა გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტი მოგების მოპოვება მართებს. 3 საუკეთესო გუნდს პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაგროვილი ქულები მეორეშიც გადაჰყვებათ.
მომდევნო ეტაპზე გასული გუნდებისთვის 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე ჩატარდება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. ჩვენი ჯგუფის 3 საუკეთესო შეხვდება იმ ჯგუფიდან გასულ გუნდებს, რომელშიც საბერძნეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი თამაშობენ. ამ ჯგუფში სადღეისოდ მხოლოდ საბერძნეთს აქვს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული.
სერბეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიასთან გამართავს.
საქართველოს ნაკრებში 14 კალათბურთელია. მათგან რომელი 12 იქნება განაცხადში, ეს სერბეთთან მატჩის დღეს გადაწყდება.
წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია