საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება ე.წ. ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში დასრულდა აღმასკომის სხდომა, რომელიც ე.წ. ჩაწყობილ მატჩებს ეხებოდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, 18:00 საათზე განცხადება გააკეთა:
“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დაისაჯონ ის პირები, ვისაც შეხება ჰქონდათ აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს ქართულ კალათბურთს. ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა, რომელიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს”.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.