საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართული მეორე ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან უკანასკნელ წამზე წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ საკონტროლო მატჩი გამართა და დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე მიღებული ორქულიანით 102:104 დამარცხდა.

ილიას ზუროსის გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ეს მეორე საკონტროლო მატჩი იყო. პირველი შეხვედრა საქართველომ იტალიაში ეგვიპტის ნაკრებთან ჩაატარა და 76:81 დამარცხდა. რაც შეეხება ლიეტუვასთან დაპირისპირებას, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და სადებიუტო მეოთხედის საწყის წუთებში მეტოქემ 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. საქართველომ ტაიმაუტის შემდეგ თამაშის გამოსწორება სცადა, თუმცა პირველი მეოთხედი მაინც ლიეტუვის გამარჯვებით, 25:17 დასრულდა.

 

მეორე მეოთხედში ლიეტუვამ პერიმეტრიდან უფრო აქტიურად დაიწყო შეტევა და ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო. ორივე შემთხვევაში თავი დეივიდას სირვიდისმა გამოიჩინა. საქართველო მეტოქეს, ძირითადად, საშუალო დისტანციიდან პასუხობდა, აქტიურები იყვნენ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, თუმცა ჩვენი გუნდი მეტოქესთან ანგარიშში ახლოს მისვლას ვერ ახერხებდა. ამავდროულად, ზუროსის კრებულს მეტოქის სამქულიანების მოგერიება ძალიან უჭირდა. პირველ ტაიმში ლიეტუვა პერიმეტრიდან 47%-იანი სიზუსტით უტევდა, მათ 17-დან 8 სამქულიანი ჩააგდეს, რამაც დიდწილად განაპირობა ორი მეოთხედის ჯამური შედეგი – 51:36 ლიეტუვის სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი ლიეტუვის ნაკრების ცენტრის, იონას ვალანჩუნასის დომინირებით დაიწყო. პირველ ორ წუთში მან ზედიზედ 6 ქულა აიღო, მას თორნიკე შენგელიამ 2 სამქულიანით უპასუხა, თუმცა ზუროსის გუნდს დაცვაში ძალიან უჭირდა და ლიეტუვა ქულებს მარტივად იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მესამე მეოთხედში 29 ქულა ჩააგდო, საკუთარ ფარში 31 მიიღო და, წინა ორი მეოთხედის მსგავსად, აქაც დამარცხდა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო და თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. დაცვაში მარტივად გაშვებული რამდენიმე ბურთის მიუხედავად, შეტევაში ქართველ კალათბურთელებს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ და მეოთხედის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე თად მაკფადენის სამქულიანით ანგარიში გაათანაბრეს – 102:102. უკანასკნელ შეტევაში ლიეტუვის ნაკრებმა აქცენტი ორქულიანზე გააკეთა, ნასროლ ბურთს ტომას დიმსამ დაამატა და საფინალო სირენასთან ერთად მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა – 104:102. საერთო ჯამში, უკანასკნელ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა 19-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა მოახერხა.

ზუროსის გუნდი მატჩის განმავლობაში 60%-ით უტევდა (60-დან 36 ჩაგდებული ბურთი). პერიმეტრიდან ქართველებმა 23-ჯერ ისროლეს, საიდანაც 11 სროლა ზუსტი აღმოჩნდა (47%). ასევე 11 სამქულიანი ჩააგდეს ლიეტუველებმა, თუმცა უარესი პროცენტით (42).

საქართველოს მხრიდან მოედანზე საუკეთესო კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 30 ქულა, 7 შედეგიანი პასი და 4 მოხსნა დააგროვა, ის თამაშიდან 70%-ით უტევდა. 18 ქულა ჩააგდო გიორგი შერმადინმა, სანდრო მამუკელაშვილი გუნდს 19 ქულითა და 6 მოხსნით დაეხმარა, ხოლო თად მაკფადენმა 18 ქულას მოუყარა თავი.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა 100+ ქულა ისრაელთან, 2017 წლის ევრობასკეტზე ჩააგდო. ის შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით, 104:91 დასრულდა.

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებებისთვის ეს ისტორიაში მერვე თამაში იყო, საიდანაც ქართველებმა ორჯერ გაიმარჯვეს (ორივე შემთხვევაში ნაკრებს ილიას ზუროსი წვრთნიდა), ხოლო ექვსი მატჩი წააგეს.

შეგახსენებთ, ისევე როგორც საქართველოს ნაკრები, ლიეტუვაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. მუნდიალზე მისი მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, მექსიკა, ეგვიპტე. საქართველო კი F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ითამაშებს.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 5 აგვისტოს, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.