საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაშია, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დღეს ლატვიასთან 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

 

აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში განაგრძო და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც ორი ვარჯიში და ამდენივე სპარინგმატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.

30 ივნისიდან ნაკრები რიგაში ემზადება.

ჯიკიჩმა ლატვიის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ დაასახელა 12-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ოლიმპიადის შესარჩევს ითამაშებს.

ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა, ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.

შეჯიბრების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.

 

საქართველო vs ლატვია – 2 ივლისი, 20:00

საქართველო vs ფილიპინები – 4 ივლისი, 16:30