საქართველოს ისტორიული შანსი - ვითარება ერთა ლიგის ბოლო ტურამდე (ვიდეო)

დღეს ერთა ლიგის “დ” დივიზიონის ჯგუფებში ბოლო ტურის თამაშები ჩატარდება და ცნობილი გახდება ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ნაკრები ვის დაუპირისპირდება.

საქართველოს ერთი შესაძლო მეტოქე 18 ნოემბერს გაირკვა. მე-2 ჯგუფში ბელარუსმა გასვლაზე სან-მარინოს 2:0 სძლია, 14 ქულა დააგროვა და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში მეორე გუნდია, რომელმაც თავის ჯგუფში გაიმარჯვა.

დანარჩენი ორი ჯგუფის გამარჯვებულები დღეს გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები „დ“ დივიზიონში ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში გამარჯვება ორი ტურით ადრე იზეიმა, მაგრამ ანდორასთან ფრემ ცუდი სამსახური გაგვიწია და ბოლო ტურის წინ ისეთი ვითარება შეიქმნა, საქართველოს ერთა ლიგის ნახევარფინალის მასპინძლობა გარანტირებული არ აქვს.

ერთა ლიგის პლეი-ოფში მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება და საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას – 2020 წლის ევროფორუმზე მოხვედრას – ორი ნაბიჯი აშორებს. რეალისტურად თუ შევხედავთ, “დ” დივიზიონში ევროსაგზურისთვის საქართველო, ბელარუსი, მაკედონია (ან სომხეთი) და კოსოვო (ან აზერბაიჯანი) იბრძოლებენ.

რეალური ბრძოლა მესამე ჯგუფშია მოსალოდნელი. ჩვენი შესაძლო მეტოქეები კოსოვო (11 ქულა) და აზერბაიჯანი (9 ქულა) არიან, რომლებიც ერთმანეთს დღეს პრიშტინას „ფადილ ვოკრი არენაზე“ დაუპირისპირდებიან.

მეოთხე ჯგუფში კი ლიდერი მაკედონიაა (12 ქულა), მეორეზე – სომხეთი (9 ქულა). დღეს, ბოლო ტურში მაკედონია გიბრალტარს მასპინძლობს, ხოლო სომხეთი ლიხტენშტეინს ესტუმრება. თუკი სასწაული არ მოხდა, ჯგუფში პირველობა მაკედონიელებმა უნდა მოიპოვონ.

ახლა მთავარზე: ჯგუფურ ეტაპზე ჩამოყალიბდება ერთა ლიგის საერთო რეიტინგის მიხედვით, რომელთა საფუძველზეც მოხდება: ა – ერთა ლიგის ლიგის ნახევარფინალში ნაკრებების დაწყვილება; ბ – ევრო2020-ის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესვა.

ჯერ პლეიფების შესახებ ვთქვათ. ლიგაში “დ” ჯგუფის გამარჯვებული ნაკრებები რეიტინგში 40-დან 43-მდე ადგილებს გაინაწილებენ. უფრო მაღალ ადგილებს “ა”, “ბ” და “ც” ლიგების ნაკრებები დაიკავებენ. უპირველესი კრიტერიუმი ჯგუფში დაგროვებული მეტი ქულა იქნება, მერე – გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა, მესამე – მეტი გოლი.

ახლა ასეთი ვითარებაა:

გუნდი ქულა ბურთების სხვაობა
ბელარუსი 14 +10
საქართველო 13 +9 (+ მატჩი ყაზახეთთან)
მაკედონია 12 +5 (+მატჩი გიბრალტართან)
კოსოვო 11 +9 (+მატჩი აზერბაიჯანთან)
სომხეთი 9 +6 (+მატჩი ლიხტენშტეინთან)
აზერბაიჯანი 9 +5 (+ მატჩი კოსოვოსთან)

 

საქართველოს და მაკედონიას კარგი შანსი აქვთ, რომ ბელორუსს გააასწრონ. აზერბაიჯანთან გამარჯვების შემთხვევაში, კოსოვოელებსაც ბელარუსზე უფრო მაღალი რეიტინგი ექნებათ – ბურთების უკეთესი სხვაობით ან მესამე კრიტერიუმით (მეტი გოლით, სავარაუდოდ, 10 ან მეტი).

რაც შეეხება პლეიოფის ნახევარფინალებს: რეიტინგში მე-40 გუნდი 43-ეს უმასპინძლებს, ხოლო 41-ე ადგიზლე მყოფი – 42-ე ადგილოსანს. ფინალური მატჩის მასპინძელის ვინაობა წილისყრით გადაწყდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ბელარუსის ეროვნული ნაკრები ნახევარფინალს გასვლაზე ჩაატარებს. დანარჩენი ამბები კი დღეს გაირკვევა.

რა თქმა უნდა, ეს განლაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუკი ლიგა “დ”-ს ჯგუფის ოთხი გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპით არ მოხვდება. საქართველოს (ისევე როგორც სხვა ნაკრებებს) აქვს თეორიული შანსი, რომ ევრო-2020-ზე პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით მოხვდეს, რომლის წილისყრაც 2 დეკემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართება. 55 ქვეყანა დაყოფილია 10 ჯგუფად – თითოეულში 5 ან 6 გუნდია. ჯგუფური რაუნდის მატჩები 2019 წლის მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს თითოეულ ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს. და თუ ამ ორ საუკეთესო შორის საქართველოს ნაკრებიც (ან “დ” დივიზიონის ჯგუფის სხვა გაამრჯვებული) მოხვდა და ევრო2020-ის საგზურს ტრადიციული შესარჩევი ეტაპიდან მოიპოვებს, ამ შემთხვევაში, ერთა ლიგაზე აღარ ითამაშებს პლეიფის ნახევარფინალში და იქ ჩვენს ნაცვლად ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები შეგვცვლის.

კალათების გადანაწილებაც ერთა ლიგის რეიტინგზე იქნება დამოკიდებული. სავარუდოდ, საქართველო მე-4 ან მე-5 კალათაში მოხვდება – მეოთხეში “დ” დივიზიონიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მე-40 რეიტინგით დავასრულებთ.

დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს. ერთა ლიგის დასკვნით მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში, “დინამო-არენაზე” ყაზახეთთან გამართავს და მხოლოდ მოგება აწყობს, რადგან 16 ქულას დააგროვებს და ერთა ლიგის ნახევარფინალში “დ” დივიზიონის სხვა ჯგუფის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

ასე რომ, საქართველოს ისტორიული შანსის წინაშე დგას და ჩვენ ეს შანსი ერთად უნდა გამოვიყენოთ. საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.