საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი - დასკვნით მატჩებში შანსი ყველამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში სომხეთთან და პორტუგალიასთან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებაზე.
„პროფესიონალები ვართ, ეს კი საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ქვეყნისა და საქმის სიყვარული გვაკავშირებს. სამწუხაროდ, გუნდში ბევრი ტრავმირებულია და ეს არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშოთ.
მესმის, რომ რთული ვითარებაა, მოწინააღმდეგეები საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ორი თამაში საქართველოს ნაკრებისთვის მაქსიმალურად დადებითად გამოვიყენოთ. ისეთ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი, რომლებიც აქამდე ცოტა დროს იღებდნენ, მაგრამ ეს შანსი ყველამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს“, – ამბობს საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
13 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ერევანში გაემგზავრება, სადაც 15 დეკემბერს სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა კი თბილისში 20 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 15 ფეხბურთელია გამოძახებული. უეფა-მ საქართველოს ნაკრებს ლეგიონერების ლიმიტის დარღვევის გამო ფინეთთან ორივე მატჩში წაგება ჩაუთვალა და მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე მათი მხოლოდ ნაწილი მიიწვია.
მატჩების განრიგი:
15 დეკემბერი, 20:00
სომხეთი – საქართველო
20 დეკემბერი, 18:00
საქართველო – პორტუგალია
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს Livestream.com-ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შემოგთავაზებთ.