საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება - ასათიანმა ლეგიონერების ნაწილი გამოიძახა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრებს ჩვენი გუნდი სომხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
13 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები ერევანში გაემგზავრება, სადაც 15 დეკემბერს, სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა კი თბილისში 20 დეკემბერს გაიმართება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 15 ფეხბურთელია გამოძახებული. იქიდან გამომდინარე, რომ უეფა-მ საქართველოს ნაკრებს ლეგიონერების ლიმიტის დარღვევის გამო წაგებები ჩაუთვალა, მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გუნდსი მათი მხოლოდ ნაწილი გამოიძახა.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 15 ფეხბურთელია გამოძახებული:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ-იუგრა“, რუსეთი), თორნიკე ბუკია („აქტობე“, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი).
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, რონინიო. ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია (ყველა – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), ჩიმბა („იუგრა“, რუსეთი), ბრუნო გომესი („პალმა“, ესპანეთი), ბრუნო პეტრი („პიროსიჯენო“, იტალია), არჩილ სებისკვერაძე („ვიტებსკი“, ბელარუსი).
მატჩების განრიგი:
15 დეკემბერი, 20:00
სომხეთი – საქართველო
20 დეკემბერი, 18:00
საქართველო – პორტუგალია
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხი შემოგთავაზებთ.