საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა - ავთანდილ ასათიანი მომავლისკენ იხედება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა - ავთანდილ ასათიანი მომავლისკენ იხედება #1TVSPORT

ნიდერლანდებიდან გვიან ღამით დაბრუნდა საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა.

აეროპორტში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველ არხთან გუნდის გამოსვლა შეაფასა:

„ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების რეალური შესაძლებლობები შევაფასეთ და გამოჩნდა, რომ ევროპის ყველა გრანდთან თამაში შეგვიძლია. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ რუსეთის ნაკრები, რომელთანაც მეოთხედფინალი წავაგეთ, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა. ასეთ გუნდთან ვიომეთ და მხოლოდ ბოლო წამზე გაირკვა გამარჯვებული. იღბალი რომ გვქონოდა, ბოლოს ანგარიშს მეორედაც გავათანაბრებდით, მაგრამ მეტოქე მეკარემ ორჯერ გადაარჩინა. მთავარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა და სახე გამოაჩინა – ბრძოლისუნარიანი და ღირსეული გუნდის, რომელიც არა მხოლოდ იბრძვის, არამედ, ლამაზადაც თამაშობს და პერსპექტივა გააჩნია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი განვითარებას მოახერხებს: 

„ბიჭებმა უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს, გაუშინაურდნენ დიდ ტურნირს და გრანდებს. ეს არის საფუძველი, რომელზეც მომავალი წარმატებები უნდა ავაშენოთ. რეიტინგში დაწინაურება უკეთეს შესარჩევ ჯგუფში მოხვედრის გარანტია იქნება. ახლა წინა წარმატებები უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ამისთვის ჩვენი ფუტსალის ლიგაც უნდა გაძლიერდეს. ეს ჩვენი ფუტსალის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ნაადრევად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური, სადაც მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ რუსეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა, მაგრამ კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

შედეგად, ჩვენი ნაკრები უეფა-ს რეიტინგში მე-11 ადგილზე დაწინაურდა, როდესაც ევრო 2022-ის დაწყებამდე გუნდი მე-17 პოზიციას იკავებდა. მე-11 პოზიცია კი ჩვენი გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.