საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საშეჯიბრო განყოფილებამ დღეს გამოაქვეყნა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის საწყისი ორი წრის კალენდარი. ამრიგად, 2018 წლის სეზონი ოფიციალურად პირველ მარტს დაიწყება.
2018 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქართულ ფეხბურთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. სფფ-ის განმარტებით, რამდენიმე გუნდის საშინაო არენის დროებითი ცვლილება ამან განაპირობა.
”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, პირველ ეტაპზე, ექვს სტადიონზე დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა – ფოთში, ქობულეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, საჩხერის რაიონში, სოფელ ივანწმინდაში (სადაც ”ჩიხურა” თამაშობს) და ბოლნისში. საფარის გარდა, ამ სტადიონებზე მუნიციპალიტეტების მიერ სხვადასხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიცაა დაგეგმილი” – წერია სფფ-ს განცხადებაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს მიმართავს:
”ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის განახლების თარიღია 3-4 აგვისტო. სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ზემოაღნიშნული სტადიონების გახსნა და გუნდების მშობლიურ, განახლებულ მოედნებზე დაბრუნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში და მიუხედავად მცირე სირთულეებისა, დროებით სხვა ქალაქებშიც მხურვალედ უქომაგებენ თავიანთ გუნდებს”.