საქართველოს ერთი შესაძლო მეტოქე გაირკვა - ბელარუსი ჯგუფის გამარჯვებულია
ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში მეორე გუნდია, რომელმაც თავის ჯგუფში გაიმარჯვა.
მეორე ჯგუფის დასკვნითი ტურის მატჩები 18 ნოემბერს გაიმართა. ბელარუსმა გასვლაზე სან-მარინოს სტანისლავ დრაგუნისა და ანტონ საროკას გოლებით 2:0 სძლია. ამგვარად, ბეალრუსმა 14 ქულა დააგროვა და კონკურენტი ლუქსემბურგისთვის (10 ქულა) მიუწვდომელი აღმოჩნდა.
დაანრჩენი ორი ჯგუფის გამარჯვებულები ხვალ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები „დ“ დივიზიონში ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში გამარჯვება ორი ტურით ადრე იზეიმა.
მესამე ჯგუფში ჩვენი შესაძლო მეტოქეები, კოსოვო (11 ქულა) და აზერბაიჯანი (9 ქულა) არიან. ეს გუნდები ერთმანეთს ხვალ პრიშტინას „ფადილ ვოკრი არენაზე“ დაუპირისპირდებიან.
მეოთხე ჯგუფში კი ლიდერი მაკედონიაა (12 ქულა), მეორეზე -სომხეთი (9 ქულა). ხვალ, ბოლო ტურში მაკედონია გიბრალტარს მასპინძლობს, ხოლო სომხეთი ლიხტენშტეინს ესტუმრება. თუკი სასწაული არ მოხდა, მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, ამ ჯგუფში მაკედონიელებმა უნდა გაიმარჯვონ.