საქართველოს ჩემპიონი თსუ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე უნგრული „ბერეტიუიფალუს“ სამასპინძლოდ ემზადება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის 2020/21 სეზონის გათამაშების წინასწარ ტურში უნგრეთის ჩემპიონს, „ბერეტიუიფალუს“ 28 ნოემბერს უმასპინძლებს.
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გუნდის მზადებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპიტანმა მიხეილ თევზაძემ ილაპარაკა.
„პანდემიამ მომზადებაში ხელი შეგვიშალა. ბოლო ერთი თვეა ვემზადებით, თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩემპიონატი არ დაწყებულა – ოფიციალური თამაშებით უკეთ ემზადები და ფიზიკურადაც უკეთ ხარ. ორკვირიანი ფიზიკური მომზადება გავიარეთ. ეს დაგვეხმარა, რომ ამ თამაშისთვის უკეთ მოვმზადებულიყავით. ყოველდღიურად ტაქტიკაზეც ვმუშაობთ“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მიხეილ თევზაძე.
მან ტურნირის შეცვლილ ფორმატზე ილაპარაკა:
„ადრე ამ ეტაპზე ჯგუფური ტურნირები ტარდებოდა, მაგრამ პანდემიის გამო ახლა ერთმატჩიანი რაუნდების გამართვა გადაწყდა. ფორმატით შედარებით ახლო მდებარე ქვეყნების გუნდები დააკავშირეს. თუ ეს მატჩი მოვიგეთ, 1/16-ფინალში მოხვდებით. ალბათ, ერთი მატჩი მეტი შანსია და მოგება შედარებით უფრო ადვილია“.
თევზაძის თქმით, მეტოქე ძლიერია, თუმცა, თსუ-ც გაძლიერდა:
„უნგრელებს ოთხი ლეგიონერი ჰყავთ, ორი ესპანელი და ორი ბრაზილიელი. მწვრთნელი ძალიან ძლიერი და გამოცდილი ესპანელი სპეციალისტია, 5 თუ 6 მოთამაშე კი უნგრეთის ნაკრების წევრია. ჩვენ კი საქართველოს გუნდებიდან რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ და საკმაოდ გავძლიერდით, რისთვისაც ამ გუნდებს მადლობა მინდა ვუთხრა. მაქსიმალურად ვცდილობთ, დროულად შევთამაშდეთ“.