თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისმა“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ყველაზე ტიტულოვან უკრაინულ კლუბს, კიევის „დინამოსთან“ გამართა და დასანანი მარცხი იწვნია.
ეს თბილისელებისთვის შეკრებაზე მეოთხე საკონტროლო მატჩი იყო. „დინამოში“ ითამაშა ხორვატი მარცხენა მცველმა მარიო მუსამ, რომელიც ზაგრების „დინამოში“ თამაშობდა და ხორვატიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. მუსა გუნდს დღეს სინჯებზე შეუერთდა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მწვრთნელები ახლო მომავალში მიიღებენ.
სპორტულ კომპლექს „ტიტანიკში“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. კიეველები ცდილობდნენ, საქართველოს ჩემპიონი სწრაფი შეტევებით დაეჩაგრათ, მაგრამ თბილისელები თავს კარგად იცავდნენ და რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევაც განახორციელეს. საერთოდ, მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. არადა, ამ დროს მოედანზე იყვნენ 17 წლის საბა ხვადაგიანი და ლუკა გაგნიძე, 18 წლის ნოდარ ლომინაძე…
თბილისელებს შეეძლოთ ძლიერ მეტოქესთან ფრედ ეთამაშათ, მაგრამ შეხვედრის ბედი 90+1-ე წუთზე გადაწყდა. კიეველთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც ვიტალი ბუიალსკიმ გოლად აქცია და კიევის „დინამომ“ 1:0 მოიგო.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „დინამო თბილისი“ 4 თებერვალს ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ გამართავს.