საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა, ხარკოვის ტურნირზე გუნდური შეჯიბრიც მოიგო
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა, ხარკოვის ტურნირზე გუნდური შეჯიბრიც მოიგო

უკრაინაში გამართული, ლეონიდ დუნაის მემორიალი, ქართველი ჭაბუკების ტრიუმფით დასრულდა. 22-24 იანვარს, ხარკოვში ჩატარებული თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის პირველი ორი დღე ინდივიდუალურ ასპარეზობებს დაეთმო, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა 11 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ), დავით ფაცინაშვილი (65 კგ), ანზორ გოლუბიანი (71 კგ), დავით კოღუაშვილი (80 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძე (110 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს ბეჟან ბარსონიძე (55 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოები კი გიორგი გოგრიჩიანმა (48 კგ), გიორგი ზალკალიანმა (60 კგ), ლუკა ხუჭუამ (80 კგ), გიორგი ჩიხრაძემ და საბა გამთენაძემ (ორივე 92 კგ) დაისაკუთრეს.

ტურნირის ბოლო დღე გუნდურ ასპარეზობას დაეთმო. გია კვინიკაძის, ლაშა ქეთიშვილისა და შალვა მუზიაშვილის შეგირდებმა, უძლიერესის ტიტული აქაც არავის დაუთმეს. 18 გუნდს შორის ფინალამდეც მარტივად მივიდნენ, იქ კი მასპინძელი უკრაინის ნაკრები დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულსაც დამსახურებულად დაეუფლნენ.