საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დღეს ეროვნული ლიგა 2-ის მატჩებით თელავსა და თბილისში გაიხსნა. კახეთში ადგილობრივი ‘თელავი’, რომელიც მესამე ლიგიდან სწორედ წელს აღზევდა, ეროვნული ლიგა 1-დან დაქვეითებულ ბათუმის ‘დინამოს’ შეხვდა და გიორგი ხარებაშვილის მიერ 51-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა. რაც შეეხება მეორე მატჩს, რომელშიც ასევე მესამე ლიგიდან აღზევებული თბილისის ‘შევარდენი’ წყალტუბოს ‘სამგურალს’ მასპინძლობდა, აქ სტუმრებმა უკეთ გამოიყენეს მომენტები და 0-2 იმარჯვეს. ორივე გოლი გაბრიელ საღრიშვილმა გაიტანა.
ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის კიდევ სამი მატჩი ხვალ და ზეგ გაიმართება. ხვალვე აიღებს სტარტს ეროვნული ლიგა 1, რომლის გახსნითი მატჩი ქუთაისში, ადგილობრივ ‘ტორპედოსა’ და გორის ‘დილას’ შორის შედგება. თამაში 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.