ახალგაზრდული ნაკრები მზადებას იწყებს - გორში ბელარუსთან გიგაშვილი და ხარაიშვილის ძმა ითამაშებენ #1TVSPORT
დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის დებიუტი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბელარუსის წინააღმდეგ შედგება. საქართველოსა და ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 29 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.
ცნობილია შემადგენლობა, რომლითაც რამაზ სვანაძის გუნდი ბელარუსს დაუპირისპირდება.
საქართველო: მეგრელიშვილი, ხვადაგიანი, გიგაშვილი, კალანდაძე, გოჩოლეიშვილი, დარცმელია, მექვაბიშვილი, ხარაიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე
საქართველოს სახელით პირველად ითამაშებს რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვის“ ცენტრალური მცველი ზურაბ გიგაშვილი. ძირითად შემადგენლობაში ხარაიშვილის გვარის წაკითხვამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ – ის „საბურთალოს“ მოთამაშე ბექა ხარაიშვილია, „ფერენცვაროშის“ ნახევარმცველის, გიორგი ხარაიშვილის ძმა.
ამხანაგური მატჩისთვის საწვრთნელი შეკრება 21 წლამდე ნაკრებმა 22 მარტს დაიწყო და თამაშისთვის 23 ფეხბურთელი ემზადება. ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ბათუმის დინამოს ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდება და გუნდთან ერთად 31 მარტს საბერძნეთში დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.
ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი, სფფ-ის ოფიციალური YouTube არხი შემოგთავაზებთ (იხილეთ ბმული).