საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ინგლისთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე საკონტროლო შეხვედრაში ინგლისელ თანატოლებს უმასპინძლეს და 36:41 დამარცხდნენ.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მათ თამაშის სტარტზე ორი ლელო დადეს და 10:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შეტევაში უფრო აქტიურად დაიწყეს თამაში და მალე ჯერ საჯარიმო ლელოთი სხვაობა შეამცირეს, ტაიმის ბოლომდე კი კიდევ სამჯერ მოახერხეს ლელოს დადება – თავი ლუკა სახელაშვილმა და ლუკა ცირეკიძემ (2) გამოიჩინეს. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ინგლისელებმა ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხეს და ტაიმი ქართველების გამარჯვებით დასრულდა – 24:15.
მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე ინგლისელებმა კარგი შეტევა განახორციელეს, ლელო დადეს და ანგარიში შეამცირეს, თუმცა რადენიმე წუთში ქართველებმა მეტოქის ლელოს ლელოთი უპასუხეს და სხვაობა ისევ გაზარდეს – 29:20.
ინგლისის ნაკრებმა კიდევ უფრო აქტიურად და აგრესიულად განაგრძო თამაში, მალე მათი მრავალფაზიანი შეტევა გარდასახული ლელოთი დასრულდა – 29:27.
მატჩის ბოლოს ინგლისელებმა მაინც მოახერხეს გარდატეხის შეტანა და შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გამარჯვების მომტანი ლელო დადეს, საბოლოოდ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 36:41 დასრულდა.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ინგლისის ნაკრებთან კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას 1-ელ ივნისს კვლავ „ავჭალის“ სტადიონზე ჩაატარებენ. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახენებთ, რომ 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.
ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).