საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრეში
ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე ქართველმა კალათბურთელებმა ტრიუმფით დაასრულეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის თავკაცობით, ხუთივე მატჩი მოიგო და მეორე წრის გამარჯვებული გახდა – მთლიან ჩათვლაში კი, ორი წრის ჯამში, გვარიანად დაწინაურდა.
ევროპის 20-წლამდელთა ლიგის მეორე წრეს ლატვიის ქალაქმა ვენტსპილსმა უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ყველა ოპონენტი საკმაოდ იოლად დაამარცხა.
ჩერქეზიშვილის გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით სძლია „კალევს“ (82:47), „ალვიკს“ (84:52), „ოლიმპ 97“-სა (80:52) და „ლულეას“ (66:54), დღეს კი მეორე წრის ბოლო შეხვედრაში პოლონურ „ლიუბლინს“ 79:46 მოუგო და ტურის გამარჯვებული გახდა.
პოლონელებთან მატჩში ქართველებს დავით აფხაზავამ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, ოთხი პასი და ოთხი ჩაჭრა მოაგროვა. 18 ქულა, 12 მოხსნა და ოთხი ჩაჭრა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა. გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 11 ქულითა და ცხრა მოხსნით დაასრულა.