საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით თბილისში მეორე ტესტმატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებთან და 45:17 გაიმარჯვა.
ამ გუნდების პირველი მატჩი 7 ივნისს გაიმართა და ის შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 31:7 დასრულდა.
იმ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, რამაც შედეგი გამოღო და საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთესი მატჩი ჩაატარა.
ქართველმა მორაგბეებმა ინგლისელებს ხუთი ლელო დაუდეს, ბურთიკაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო-თითო ლელო კი სპანდერაშვილმა, ხელაძემ და ქევხიშვილმა მიითვალეს. ცირეკიძემ ხუთიდან ოთხი ლელო გარდასახა და ოთხჯერ ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რასაც ინგლისელებმა სამი ლელოთი უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის გათამაშება 20-წლამდელთა შორის სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ქართველი მორაგბეები პირველ თამაშს 29 ივნისს, „ეთლონ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ თბილისის დროით 18:30 საათზე გამართავენ, 4 ივლისს შარშანდელ ფინალისტს, ირლანდიას 16:00 საათზე „დენი ქრეივენზე“ ეთამაშებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს, 18:30 საათზე ასევე „დენი ქრეივენზე“ იტალიასთან მატჩით დაასრულებენ.