საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიას დაუპირისპირდა და მატჩის ბოლოსკენ გაშვებული გოლით 2:3 დამარცხდა.

პირველ ტურში ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით, 2:1 გაიმარჯვა. საქართველომ მასპინძელ შვედეთს სძლია, ხოლო ნორვეგიამ – ესტონეთს.

ნორვეგიის 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და შესვენებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 2:0. ანგარიში 23-ე წუთზე ტროი ნიუჰამერმა გახსნა, ხოლო 39-ეზე კარსტენ ეკორნესმა გუნდის უპირატესობა გაზარდა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მეტოქის კარი აიღო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 48-ე წუთზე ვახტანგ სალიამ გაიტანა, რომელმაც პირველი ტურის შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ 17 წლის ფეხბურთელი „ნიუკასლმა“ შეიძინა და ცოტა ხნით იჯარის წესით „დინამო თბილისში“ დატოვა.

76-ე წუთზე ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა წონასწორობა აღადგინა. ნორვეგიელების კარი შეტევაში ჩართულმა „იბერიის“ მცველმა, გიორგი გოგსაძემ აიღო, მაგრამ 86-ე წუთზე მეტოქე იესპერ რეიტან-სუნდეს გოლით დაწინაურდა და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

ჯგუფის მეორე მატჩი შვედეთსა და ესტონეთს შორის ჯერ არ გამართულა. 2 ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფის ლიდერი ნორვეგიაა, საქართველო 3 ქულით მეორეზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მესამე ტურში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 19 ნოემბერს ესტონეთს დაუპირისპირდება.