საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელის 19-წლამდელებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდა – 2:3.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და 35-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. იეჰუდა ბელაიმ შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ იდო ოლი დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ისრაელის ნაკრები დააწინაურა. ტაიმის ბოლოს წონასწორობის აღდგენა დავით ბუკიას შეეძლო, მაგრამ სტუმართა მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, თუმცა 49-ე წუთზე, კარემ ზოაბის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა იდო კოენმა მეორე გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები თამაშის გადარჩენას შეეცადა. უფრო სწრაფად შეუტია, მომენტები შექმნა და მიზანსაც მიაღწია – ჯერ ლუკა ფრიდონიშვილის პასით სხვაობა საბა სამუშიამ შეამცირა, ხოლო შემდეგ მათ როლები გაცვალეს – სამუშიას დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ანგარიში ფრიდონიშვილმა გაათანაბრა – 2:2.

ქართველმა ფეხბურთელებმა შედეგის შენარჩუნება ვერ მოახერხეს – არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, ომერ დაჰანიმ მესამე გოლი გაიტანა და გამარჯვება ისრაელს დარჩა.


საქართველო – ისრაელი 2:3


გოლი: 0:1 იდო ოლი (34, იეჰუდა ბელაის პასით). 0:2 იდო კოენი (49. კარემ ზოაბის პასით). 1:2 სამუშია (80. ფრიდონიშვილის პასით). 2:2 ფრიდოინშვილი (81. სამუშიას პასით). 2:3 ომერ დაჰანი (90+1)

საქართველო (U19): კურტანიძე, ბუკია, ტყეშელაშვილი (58. სადღობელაშვილი), ნარიმანიძე (70. ფრიდონიშვილი), გ. ცეცხლაძე (70. გეგუჩაძე), შეროზია (70. ფაღავა), ჩიქოვანი (70. გობეშია), ბასილაძე (58. მაშავა), ნ. ცეცხლაძე (70. გოგსაძე), ბუბუტეიშვილი (58. სამუშია), ბერელიძე (70. ინაიშვილი).

სათადარიგო: ბედიაშვილი, კოპალიანი, ლორთქიფანიძე.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ისრაელის გუნდთან მეორე შეხვედრას 28 თებერვალს ჩაატარებს – მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრებით 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყო, სადაც შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული შეძლებს.