საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდს საფრანგეთში გამართავს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდს საფრანგეთში გამართავს

სფფ-ის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, უეფამ ასაკობრივი სანაკრებო ტურნირების ფორმატი შეცვალა, სადაც საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ.

„საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვეს. სამწუხაროდ, 17-წლამდელების ჩემპიონატი გაუქმდა, ხოლო 19-წლამდელების ელიტ-რაუნდი 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე საფრანგეთში გაიმართება. ფინალური ეტაპის ფორმატი შეცვლილია და ორ ეტაპად ჩატარდება, სექტემბერსა და ოქტომბერში“ – აცხადებს მუჯირი.

ასაკობრივი ნაკრებების შეჯიბრებებთან დაკავშირებით უეფამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ფინალური ტურნირი ორ ეტაპად გაიყოფა. რვა გუნდი ორ ჯგუფად გადანაწილდება და 8-დან 14 ოქტომბრამდე ჩრდილოეთ ირლანდიაში ითამაშებენ. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები ფინალურ ეტაპზე გადავლენ, რომელიც ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში 9-18 ნოემბერს გაიმართება. იქვე მესამეადგილოსნები ერთმანეთს 20-წლამდელთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საგზურისთვის შეეცილებიან.