საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა სომხეთთან გამარჯვებით A ლიგაში გადასვლის შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.
საწყის ტურში ბულგარეთთან გამარჯვებისა (1:0) და ირლანდიასთან მარცხის (0:7) შემდეგ ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ბოლო შეხვედრა სომხეთთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-5 წუთზე ნინიკო ჩხეტიანმა გახსნა. მოგვიანებით თავი გამოიჩინეს ელენე ბოლქვაძემ (31-ე წუთი) და ქეთევან ჭურკვეიძემ (39-ე წუთი). ლოლიტა კალოიანმა (43 – პენალტი, 61) დუბლი შეასრულა, სოფი ხელაშვილმა (53 – პენალტი) კი ორ საგოლე გადაცემას გოლიც დაამატა. მეტოქის კარი ასევე აიღო ანასტასია ბუჩუკურმაც (57-ე წუთი).
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს. საქართველოს ნაკრებმა B ლიგის მეორე ჯგუფში ასპარეზობა 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და A ლიგაში გადასვლის შანსი შეინარჩუნა. B ლიგის საბოლოო შედეგები 5 დეკემბერს გახდება ცნობილი.