საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩები გამართა და ტურნირს გამოეთიშა. შოთა ჭანუყვაძის გუნდი მეხუთე ჯგუფში ჯერ რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. მეოერე სათამაშო დღეს კი გუნდი სლოვაკეთს შეხვდა.
პირველი მატჩის მსგავსად, ამჯერადაც საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. ტაიმის ბოლო წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და ნოდარ ქურცაძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში სლოვაკებმა ჯარიმა შეასრულეს, ძლიერად დარტყმული ბურთი საბა ტყეშელაშვილს მოხვდა და კარში აეჭრა 1:1.
სლოვაკები კონტრშეტევაზე 26-ე წუთზე ფილიპ იანჩულამ დააწინაურა, ხოლო რომან რუსნაკმა საჯარიმო დარტყმით მეტოქის უპირატესობა გაზარდა. გიორგი გიორგაძემ 32-ე წუთზე მცველს ბურთი აართვა და უძლიერესი დარტყმით სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა, გუნდს კი თამაშის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა.
ბოლო წუთებზე ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა მეკარე მეხუთე მოთამაშით შეცვალა. მაგრამ ამით სლოვაკებმა ისარგებლეს – მეკარე კევინ კოლარიმ შეტევა შეაჩერა და საკუთარი კარიდან გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:4 სლოვაკების სასარგებლოდ.
საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა ორივე შეხვედრა წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. მესამე მეტოქე რუსეთის 19-წლამდე ნაკრები იყო, თუმცა ფიფა-სა და უეფა-ს მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, ჯგუფში გუნდების რაოდენობა შემცირდა.
ესპანეთში, 4-10 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. გამარჯვებული მასპინძელი რუმინეთისა და სლოვაკეთის შეხვედრაში გაირკვევა.
საქართველო – სლოვაკეთი 2:4
გოლები: 1:0 ქურცაძე (20), 1:1 ტყეშელაშვილი (25), 1:2 იანჩულა (26), 1:3 რუსნაკი (28), 2:3 გიორგაძე (32), 2:4 კოლარი (39)