საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა მარცხით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მარცხით დაასრულა, ჩვენმა გუნდმა 74:93 წააგო.
ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ მოედანზე საუკეთესო ალექსანდრე დაუშვილი იყო, მან 15 ქულა ჩააგდო. გუნდს 12 ქულით დაეხმარა ნიკოლოზ აბულაძე, ხოლო 11 ქულა ჰქონდა ანრი ბელთაძეს.
მატჩის პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 22:21 მოიგო, თუმცა შემდეგ უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა. ბოსნია-ჰერცოგოვინამ შეხვედრის უკანასკნელ მეოთხედში 13-ქულიანი უპირატესობით, 28:15 გაიმარჯვა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ექვსგუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ ალბანეთს მოუგეს, ხოლო სლოვაკეთთან, მონტენეგროსთან, უნგრეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დამარცხდნენ. ძიძიგურის გუნდი ტურნირზე მე-17/22-ე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.